Sunday, June 15, 2014

მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ?

20 მაისს, თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე საშინელი შეკივლების ხმა გაისმა. იმის მიუხედავად, რომ კოკისპირულად წვიმდა, კორპუსის მაცხოვრებლები გარეთ გაცვივდნენ და შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ. მათ კორპუსთან ახალგაზრდა გოგონა პირქვე დამხობილი, უსიცოცხლოდ ეგდო. პირაღმა გადმოაბრუნეს, ვარდნისგან სახე იმდენად დასახიჩრებული ჰქონდა, ამოცნობა გაუჭირდათ, მერეღა მიხვდნენ, რომ გოგონა მათი მეზობელი, 17 წლის მირანდა მშვენიერაძე იყო.

მირანდა პირველ სართულზე ცხოვრობდა დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად. მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედა შვილს მზრუნველობას არ აკლებდა. იმ საბედისწერო დღეს მირანდა დედას სკოლაში ეგონა . მე-12 კლასში სწავლობდა, გამოცდებისთვის ემზადებოდა და რამდენიმე დღეში მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე 20 მაისს ასეთი წარწერაც დატოვა: "მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო".

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა გამოძიებას ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ მის ახლობლებს. მირანდას შეყვარებული გამოძიებამ უკვე დაკითხა. იგი დაკრძალვაზეც იყო, როგორც ამბობენ, მომხდარს ძალიან განიცდის და ორჯერ გულიც წაუვიდა.

გოგონას დედამ უმძიმესი სტრესის გამო ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო, ამიტომ მისი კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ლილიანა გიორგობიანს ვესაუბრეთ.

- იმ დღეს პრეტესტი ჰქონდათ ბავშვებს და სკოლაში უნდა მოსულიყო მირანდა. "მე ჩავაბარებ", ეს სტატუსი დადო ფეისბუკის გვერდზე და სახლიდან გამოვიდა.

მეხუთე კლასიდან ვიყავი მათი დამრიგებელი. სულ ჩემს ხელში გაიზარდა. ყველაფერი გულთან მიჰქონდა, ემოციური ბავშვი იყო, ძალიან მოკედლებული იყო ჩემზე, სულ მეხუტებოდა და მოფერებით კატას ვეძახდი. არ დამავიწყდება, როგორი ბედნიერი იყო ბოლო ზარზე. მასწ, თქვენ ჩემს მაისურზე არ დაგიწერიათო, მოვიდა ღიმილით და მეც წარწერა გავუკეთე. მთელ გვერდზე დამიწერია ჩემი მისდამი სურვილები.

ბავშვები ძალიან განიცდიან მომხდარს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 
ბანკეტი არ გადაეხადათ. ისე, ყველანი ემზადებოდნენ ამ დღისთვის, სამოსი ნაყიდი ჰქონდათ. მირანდასაც შერჩეული ჰქონდა კაბა. ამბობდა, გრძელი ლურჯი კაბა უნდა ჩავიცვაო. გრძელი თმები მომბეზრდა და ლამაზი ვარცხნილობა უნდა გავიკეთოო.

-როგორც ვიცი საატესტატო გამოცდები არ ჰქონდა ჩაბარებული, გამოცდების ხომ არ ეშინოდა?

- არ ჰქონდა იმის პრობლემა, რომ ატესტატი აეღო. იმის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა, რომ რეპეტიტორებთან ევლო, მაგრამ შრომისმოყვარე ბავშვი იყო და მშვენივრად სწავლობდა. დედამისმა მარტო გაზარდა და არაფერს აკლებდა. სიდუხჭირის მიუხედავად, არც საბანკეტო კაბის პრობლემა ჰქონდა და არც არაფრის. 

No comments:

Post a Comment